თეგი: ერთნაირსქესიანთა ქორწინება

კუბაზე, რეფერენუმით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

კუბაზე ახალი საოჯახო კოდექსის რეფერენდუმი გაიმართა, რის შედეგადაც ქვეყნის მოქალაქეების თითქმის 67%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ამის შესახებ ABC News იტყობინება. 100-გვერდიანი დოკუმენტი მიზნად ისახავს შეცვალოს საოჯახო კოდექსი, რომელიც ქვეყანაში 1975 წლიდან მოქმედებს. ახალი კოდექსს შემოაქვს ქორწინების განმარტება, როგორც „ორი ადამიანის“ გაერთიანება. გარდა ამისა, დოკუმენტი ჰომოსექსუალ წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის საშუალებას აძლევს და სრულიად აკანონებს სუროგატ დედობას, თუ მას უსასყიდლოდ მიმართავენ. კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა ახალ კოდექსს „სამართლიანი, აუცილებელი, განახლებული და თანამედროვე კანონი“ უწოდა, „რომელიც უფლებებსა და გარანტიებს ყველას აძლევს“. „სიყვარული ახლა კანონია“, - თქვა კუბის პრეზიდენტმა. ახალი საოჯახო კოდექსი რეფერენდუმამდე, გადასინჯვის მიზნით ავტორებს 25-ჯერ დაუბრუნდათ. მისი დებულებების მიხედვით ჩატარდა 80 ათასამდე საქალაქო კრება, განხილვისას 300 ათასამდე წინადადება იყო გათვალისწინებული.  

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. „ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა. ხელის მოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა და მას ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერები და ასევე ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

საბერძნეთი გახდა ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს

საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ერთნაირსქესიან პირებს ქორწინების უფლება ექნებათ. კანონპროექტი 300-მანდატიან პარლამენტში 176-მა დეპუტატმა დაამტკიცა და მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა. კანონი ერთნაირი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი არის ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ასეთი ოჯახების არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან  მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. კანონის მიღებას პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი უჭერდა მხარს. მისი თქმით, საბერძნეთმა „მამაცურად აღმოფხვრა სერიოზული უთანასწორობა.“ ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნები ამ საკითხზე ორად არიან გაყოფილნი. გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას. ლგბტ-თემის უფლებების დამცველები თვლიან, რომ კანონი ჯერ კიდევ უწესებს დაბრკოლებებს თემის წევრებს. 2015 წელს საბერძნეთმა დაუშვა სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირი სქესის წყვილებს შორის, ხოლო 2017 წელს მათ გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება მისცა.